წერეთელი ზურაბ კონსტანტინეს ძე დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს თბილისში. ოჯახს სადაც ის იზრდებოდა ხშირად სტუმრობდა ხელოვნების მოყვარული ხალხი, მათ შორის მხატვრები: დავით კაკაბაძე, სერგო ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე, აპოლონ ქუთათელაძე და სხვები. ბიძა - გიორგი ნიჟარაძეც მხატვარი იყო, ასე რომ ამ გარემოცვას უკვალოდ არ ჩაუვლია, შემდგომში, ზურაბის პროფესიის არჩევისას.
სკოლაში სწავლისას გაკვეთილებზე ხშირად ხატავდა პატარა ზურაბი, არდადეგებზე სოფელ გუბში ჩადიოდა ბებიასთან და ხალხურ შემოქმედებას ეცნობოდა. ,,სოფელში ჩასვლისას ქალაქის ბორკილები მძვრებოდა და ჩიტივით თავისუფალი ვიყავი”. - იხსენებს ზურაბ წერეთელი.
ზურაბი სწავლობდა თბილისის ხელოვნების აკადემიაში, სადაც უ. ჯაფარიძე, ა. ქუთათელაძე, ი. ა. შარლემანი და ვ. ი. შუხაევი ასწავლიდნენ. მეგობრებთან ერთად დღეში 12-16 საათს მუშაობდა, მას იზიდავდა პანო, მოზაიკა, ვიტრაჟი და ქანდაკებები. ბევრს მოგზაურობდა საქართველოში და სხვადასხვა გამოფენის ხშირი სტუმარი იყო.
1958 წელს დაამთავრა ხელოვნების აკადემია. მისი სადიპლომო ნაშრომი იყო - სპრტსმენის პორტრეტი. მოგვიანებით მუშაობა დაიწყო ეთნოგრაფიისა და ისტორიის ინსტიტუტში. ხშირად მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში და დიდი მადლიერებით იხსენებს იმ დროს, რადგან მაშინ მიეჩვია სისტემატურ მუშაობას და დიდი ნაბიჯი გადადგა - უმაღლესი მწვერვალისკენ.
1983 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი იყო, 1997 წელს კი ნიუ-იორკის შტატის - ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის - პროფესორი.
1989 წელს საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და 2 წლის შემდეგ სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი მიიღო. 1997 წლიდან კი ხელმძღვანელობს რუსეთის სამხატვრო აკადემიას. მიღებული აქვს ლენინური პრემია და სსრკ სახელმწიფო პრემიები. ის არის ნიუ-იორკის კეთილი ნების ელჩი, ესპანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიისა და საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის წევრი, საბავშვო ფონდის “სასწაულების ბაღის” პრეზიდენტი (1988), მოსკოვის საერთაშორისო “იუნესკოს დახმარების ფონდის” დამფუძნებელი და გაცხადებული “მულტიმილიონერი”. მას ეკუთვნის პეტრე დიდისადმი მიძღვნილი 98-მეტრიანი მონუმენტი მდინარე მოსკოვის სანაპიროზე, რომელიც ერთერთი უმაღლესი ქანდაკებაა მსოფლიოში.
ასევე ზურაბ წერეთელს ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში მდგარი ,,წმინდა ნინოს მონუმენტი” და თავისუფლების მოედანზე აღმართული ,,წმინდა გიორგი”, რომელიც ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ აჩუქა საკუთარ ქალაქს.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა პატივსაცემად, ზურაბ წერეთელმა ამერიკელებს 30 მეტრიანი სტელა - ,,გლოვის ცრემლი” აჩუქა, რომელიც 175 ტონას იწონის და ,,თავისუფლების ქანდაკების” მოპირდაპირე მხარეს, მდინარე ჰუძონის სანაპიროზე დგას.
2001 წლის 14 მაისს მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ეზოში უნიკალური ექსპონატი გაჩნდა - ეიფელის კოშკის კიბის ფრაგმენტი. ამ დიდებული კონსტრუქციის საწყისი ნაწილი, რომელსაც ფასდაუდებელი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ეიფელის კოშკის ასოციაციის წევრმა ანრი მორვანმა ზურაბ წერეთელს გადასცა. თავის მხრივ, ბატონმა ზურაბმა ახალი ინდუსტრიული ეპოქის ეს უნიკალური სიმბოლო, ავანგარდული ხელოვნების მაუწყებელი და წლების მანძილზე უტილიტარული ფუნქციის მატარებელი ეიფელის კიბის ფრაგმენტი მოსკოვში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩაიტანა, რომელიც 1999 წელს უშუალოდ ზურაბ წერეთლის ინიციატივით გაიხსნა და მას შემდეგ მისი დირექტორია. მუზეუმის ეზოში შეკრებილმა პუბლიკამ ,,მეტრ წერეთელს” თამამად უწოდა დიდი ეკატერინეს ტრადიციების გამგრძელებელი, შედევრების შეკრებასა და რუსეთის დედაქალაქში თავმოყრაში მისი ტრადიციების ერთგული.
- ,,მუზეუმის კარი ღიაა საჩუქრების გასაღებად. მე ვარ მოწმე - მოდიან, მირეკავენ, მთავაზობენ ექსპონატებს. ზოგსაც მე ვაწუხებ. მუზეუმი ვითარდება და რეალურ წვლილს მოითხოვს. თავს არ ვზოგავთ. მინდა იგივე გავაკეთო თბილისისთვისაც. უნიკალური არქივი მაქვს, 2 000-მდე ექსპონატი. აქ არის ჩემი საკუთრება ფიროსმანი. ვხსნი ელენე ახვლედიანის პერსონალურ გამოფენას, შემდეგ - ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, მერაბ ბერძენიშვილის, ელგუჯა ამაშუკელის, გოგი ოჩიაურის, მარიკა რატიანის, მჭედლიშვილისა და სხვა თანამედროვე მხატვრების ექსპოზიციებს მოვაწყობ. მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ზურაბ ნიჟარაძის, კოტე კალანდაძის, ჯიმშერ ქურდაძის და ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები კიდია. მე ერთხელ ხმამაღლა ვთქვი და ედუარდ შევარდნაძე დათანხმდა ჩემს იდეას თბილისის აბრეშუმის ქარხნის გადმოცემის შესახებ. თუ გადმომცემენ, მე ვკისრულობ მის მოწესრიგებას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სტანდარტების - კლიმატის, ყველა მონაცემის გათვალისწინებით, მზად ვარ შევქმნა თანამედროვე ქართული ხელოვნების მუზეუმი ევროპის დონეზე. საქართველო ღირსია, ჰქონდეს ასეთი მუზეუმი. რამდენი დიდი და ლამაზი ნიჭის თავმოყრა და მთელ მსოფლიოში გატანა შეიძლება. ამის საშუალებას თუ მომცემენ, მიმოსვლა განახლდება მსოფლიოში - თბილისში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გახსნა რამდენ ნიჭიერ კაცს გაუხსნის ასპარეზს - როდემდე უნდა ვირბინოთ ასე საწყლად გალერეებში ნამუშევრების გამოსაფენად. თუ ქართველმა მხატვრებმა მსოფლიოს არ ვაჩვენეთ, არაფერი გამოგვივა. ხომ ხედავთ, როგორ თავისუფლად გადის რუსეთის ხელოვნება მსოფლიოში? საცოდაობა იქნება, რომ ჩვენ ინიციატივა არ ავიღოთ ხელში, არ გავხსნათ თბილისში ასეთი ცენტრი. მით უმეტეს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება საფრანგეთის წამყვან მუზეუმებთან. ასევე იქნება მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც, რომლებსაც ქართველი მხატვრები თავიანთი გამოფენებით მოივლიან.” - ეს 2001 წელს განაცხადა ზურაბ წერეთელმა და მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, უმთავრესი კი ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აღარაა...